Chevrolet Bolt, გაწვევა
Aa
Aa

2017-2019 წლებში წარმოებული Chevrolet Bolt-ების 62%-ს ბატარეები შეუცვალეს

NHTSA-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩანს ისიც, რომ შედარებით ახალ მოდელებში ბატარეების შეცვლა შემცირებულია.

CrystalAuto
-ს ერთგული მკითხველისთვის ახალი არ უნდა იყოს, რომ Chevy-ის ელექტრო მანქანებს სერიოზული პრობლემა აქვს. დეფექტის გამო მწარმოებელს მოდელის მასიურად გაწვევა და პრობლემის მყისიერად აღმოფხვრა მოუწია.

Chevrolet-ი თავისი ელექტრომობილების - Bolt EV-სა და Bolt EUV-ის - ბატარეების გამოცვლის პროცესს განაგრძობს. ამის მიზეზი ცეცხლის გაჩენის რისკი გახლავთ. ჯამში სულ 18 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. ცეცხლის გაჩენა ელექტრო ბატარეებს უკავშირდებოდა. შედეგად, მწარმოებელმა 2017-დან 2022 წლამდე გამოშვებული მოდელების გაწვევა და დეფექტური დეტალების ჩანაცვლება დაიწყო. პრიორიტეტულად კი ჯერ თავდაპირველი მოდელების შეკეთება გადაწყდა.



NHTSA-ის მოხსენების მიხედვით ვიგებთ, რომ Chevrolet-მა 2017-2019 წლებში წარმოებული ეგზემპლარების 62%-ში ბატარეები შეცვალა. თუ კომპანია მუშაობას ასეთი ტემპით გააგრძელებს, მაშინ 2019 წლამდე წარმოებული ყველა Bolt-ი შემოდგომამდე განახლდება. ჯამში 50 000-ზე მეტ მანქანაზეა საუბარი.

ბატარეების შეცვლის საფასურის გადახდა, რაც 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს, LG Chem-ს დაეკისრა. General Motors-ი ელექტრო ბატარეებით სწორედ ამ კომპანიამ მოამარაგა.

Chevrolet-ის ამ გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურება აქვს მომხმარებლებში. გარდა იმისა, რომ საფრთხე აღარ არსებობს, Bolt-ის მძღოლები სვლის გაზრდილ მარაგზეც საუბრობენ. მათი თქმით, თავიანთი ელექტრომობილებით ახლა 13.5%-ით უფრო მეტ მანძილს ფარავენ, ვიდრე ბატარეების გამოცვლამდე.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ Chevrolet-ს Bolt EV-ის და Bolt EUV-ის წარმოება შეჩერებული ჰქონდა. აპრილიდან კი მანქანების გამოშვება ახალი გამოცდილებით განაახლა.

მსგავსი სიახლეები