Mazda, RX-8, RX-3, პროექტი
Aa
Aa

Mazda RX-8-ის დაძველებული ვერსია RX-3-ის ცხვირით

იაპონიას ასეთი უცნაური პროექტებით განებივრებული ვყავართ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ Nissan Silvia S15-ზე მოგიყევით, რომელსაც BMW E60 5-Series-ის ვიზუალი ჰქონდა. ახლა კი ამ RX-8-ზე უნდა მოგიყვეთ, რომლის ზუსტი სახელიც ალბათ RX-38-ია.

RX-8 საკულტო ავტომობილი არასდროს ყოფილა, თუმცა, ამ მოდელს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. RX-3-ი კი, თავის მხრივ, ძველი სკოლის იაპონური ავტომობილების ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა და JDM-ის ფანებში დიდი სენტიმენტებით სარგებლობს. ვიღაცამ კი ამ ორი ავტომობილის გაერთიანება გადაწყვიტა.



სურათზე ნაჩვენები მანქანა იაპონიაში გასაყიდადაა გამოტანილი. ის RX-8 Type S-ზეა დაფუძნებული. ეს ვერსია აშშ-ს ნაპირებისკენ არ გაუგზავნიათ. Type S-ს ქარხნულად მექანიკური კოლოფი, განახლებული სამუხრუჭე დისკები, გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა, მეტი სიმძლავრე და 18-იანი დისკები აქვს.

ამ პლატფორმაზე მფლობელმა განიერი „ბოდიკიტი“ და RX-3-ის სტილის ცხვირი დაამატა. ასეთი გარდასახვები RX-7-ზე უფრო პოპულარულია (ქვემოთ პირველი სურათი) და უფრო უხდება, ვიდრე RX-8-ს. ამ ავტომობილში თითქოს წვეტიანი და მომრგვალებული ფორმები ერთმანეთს ებრძვის, რაც თვალისთვის მძიმედ აღსაქმელია.


მიუხედავად ამისა, ექსკლუზიურობა და გამორჩეულობა მაღალ დონეზეა ატანილი. ეს RX-8 იაპონური ავტომობილების შეკრებაზე უდავოდ განსხვავებული იქნება. მფლობელმა განიერი კორპუსის შესავსებად Volk Racing-ის 18-იანი დისკებიც დაამონტაჟა. შედეგად, ბორბლები ფრთების სისწორეზე დგას, რაც ნამდვილად ესთეტიკური შესახედაობისაა.

კაპოტი როტორულ ძრავას მალავს, რომელიც 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ოდომეტრზე 85 000კმ-ია გამოსახული - რამდენად ცოტაა თუ ბევრი ეს ჩვენმა მკითხველებმა გადაწყვიტონ.


ავტომობილის ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ კარგი გახლავთ. ინტერიერს ეტყობა, რომ უვლიდნენ. ხმარების კვალი არც ერთ დეტალზე შეიმჩნევა. თუმცა, არ გვიკვირს, ეს ხომ იაპონური ბაზრის ხიბლია... კარგი დრო იყო, არა?

მსურველებს კი გეტყვით, რომ ამ RX-38-ის სანაცვლოდ 22 000$-ის გადახდაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები