Aa Aa
1 ივნისი 2022  |  09:40

Mercedes 560 SEC Koenig-ი S-Class-ს და Testarossa-ს შვილს ჰგავს

80-იან და 90-იან წლებში გამოშვებული Mercedes-Benz-ის მოდელები თავისი გამძლეობითა და ხარისხით არის ცნობილი. მათი ვიზუალი, სტილი და დატვირთვა კი ხშირად დაუფასებელია. იმ პერიოდში ასეთ მანქანებს საკმარისად არ აფასებდნენ, თუ გერმანული „ტუნინგ“ ატელიეების მიერ არ იყო გადაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კომპანია კი Koenig-ია.

სურათებზე თქვენ 1989 წლის 560 SEC Koenig-ს ხედავთ, რომლის გასაყიდი განცხადებაც Auctomobile-ზეა ატვირთული. მანქანას მხოლოდ 20 800კმ აქვს გავლილი და წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. Koenig-მა ჯამში სულ 100 ასეთი ეგზემპლარი შექმნა.




ამ კომპანიის მიერ გადაკეთებული Mercedes-ის მოდელები კორპუსის განსხვავებული ფორმებით გამოირჩევა. წინა და უკანა ფრთები უფრო გაბერილია. შედეგად, მანქანის სიგანე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი იმდენად ესთეტიკურად არის შესრულებული, რომ უკანა მხარე Ferrari Testarossa-საც მოგვაგონებს.

კორპუსის კომპონენტების გაუმჯობესება ახალ ბამპერებს, ქვედაბოლოებს, უკანა ფრთას და გამშვებ სისტემასაც მოიცავს. ავტომობილს ამშვენებს Koenig-ის ლოგოებიც. მანქანას დამატებითი ცხაურაც მოჰყვება, რომელიც აგრესიული დიზაინით გამოირჩევა. ჩვენი აზრით, სტილში ამჟამინდელი ცხაურა უფრო „ზის“. ალბათ, მფლობელმა ამიტომაც ჩაანაცვლა ის ქარხნულით.



მდიდრული და ელეგანტურია სალონიც. ინტერიერში უხვად შეგხვდებათ ლურჯი ფერის ტყავი და ხის გაფორმება. Koenig-მა შეცვალა საჭე, მაჩვენებელთა დაფა და კარის შიდა პანელები.

კაპოტის ქვეშ ყველაფერი სტანდარტული გახლავთ. ძრავის განყოფილებაში 5.5-ლიტრიანი V8 ძგერს, რომელიც 275 ცხენის ძალასა და 430 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ავტომატური კოლოფი ანაწილებს. საკმაოდ მძიმე Merc-ს 100-კმ/სთ-ს მისაღწევად 6.8 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ს აღწევს.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ BMW E31 მერვე სერიაზე მოგიყევით, რომლის შესახებ სტატიასაც ამ ლურჯ სიტყვებზე ხელის დაჭერით გაეცნობით. გირჩევნიათ თუ არა Koenig-ის 560 SEC-ი ძველ 850 Ci-ს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: