Mercedes-Benz Vision EQQX-მა თავისივე რეკორდი მოხსნა
Mercedes-Benz-მა უახლესი Vision EQXX-ის შექმნით თავისი სამომავლო მიზნები დაგვანახა. ეს მიზანი ეფექტური ელექტრომობილის შექმნა გახლავთ. კომპანიას ეს წარმატებით გამოუვიდა. CrystalAuto-ს მკითხველმა იცის, რომ აპრილში ამ მოდელმა სრული დამუხტვით 1 008 კილომეტრი დაფარა. 1 000კმ-იანი სვლის ბარიერის გადალახვის შემდეგ კი აკუმულატორები ბოლომდე არ იყო განმუხტული. ბატარეების 15%-ის გამოყენება კიდევ შეიძლებოდა.
სწორედ ამიტომ, Mercedes-მა Vision EQXX-ს კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო. კომპანიამ თავისივე რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა. კონცეპტუალურმა მოდელმა სრული დამუხტვით 1 202კმ დაფარა. ასეთი შედეგი EQXX-ის აეროდინამიკისა და ენერგოეფექტური ძალოვანი აგრეგატის დამსახურებაა. მანქანა 100 კილოვატ-საათიანი ბატარეითაც არ არის აღჭურვილი. ის EQS-ის მოცულობაზე ნაკლებიცაა.
უახლესი ტესტირება Mercedes-ის მთავარი ოფისიდან, შტუტგარტიდან დაიწყო. გამომცდელი გუნდი თავდაპირველად უნტერტურკჰეიმში, გერმანიის სხვა ქალაქში გაემგზავრა. შემდეგ ისინი საფრანგეთის ქალაქებში გადავიდნენ. საბოლოოდ კი დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ. გზაში ისინი Mercedes-AMG F1-ის ბაზაზე ბრეკლიშიც გაჩერდნენ. შემდეგ კი Silverstone-ისკენ წავიდნენ.
ლეგენდარულ სარბოლო ტრეკზე მისვლისას გუნდი Mercedes Formula E-ის ჩემპიონს, ნიკ დე ფრისს ელოდებოდა. ამ პილოტმა Silverstone-ს იმდენი წრე გაიარა, სანამ ბატარეები არ დაჯდა. ჯამში მან 11 წრის შესრულება მოახერხა. ამ ავტომობილმა რამდენიმე ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა და სარბოლო ტრასაზეც იარა. ეს შთამბეჭდავი შედეგი გახლავთ. EQXX-ი კარგად აჩვენებს იმ მომავალს, თუ რა მიმართულებით ვითარდება ელექტრომობილების ინდუსტრია.
გამომცდელ გუნდს 1 202კმ-ის დასაფარად 14 საათი და 30 წუთი დასჭირდა. ეს ყველაფერი ორ დღეში მოხერხდა.