Aa Aa
14 ნოემბერი 2022  |  10:31

ვიღაც 1000-დან ერთ-ერთ BMW M5 CS-ს უკვე ყიდის

რამდენიმე თვის წინ ჩვენ M5 CS-ზე მოგიყევით, რომლის დამტვრევაც ვიღაცამ უკვე მოახერხა. ახლა კი სხვა ეგზემპლარის მფლობელმა მოდელის გაყიდვა გადაწყვიტა.

BMW M5 CS-ი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სუპერსედანი, რაც ოდესმე შექმნილა. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მოდელი საკოლექციო გახდება. ასე რომ თუ საკმარისი ფული გაქვთ და კარგ ინვესტიციას ეძებთ ამ მანქანის ყიდვა შესაძლოა საკმაოდ კარგი იდეაც იყოს.



სურათზე ნაჩვენები M5 CS-ის გასაყიდი განცხადება Bring a Trailer-ის აუქციონზეა განთავსებული. ის Frozen Brands Hatch Gray Metallic-ის ფერშია შეღებილი. ამჟამინდელმა მფლობელმა ის 2021 წლის დეკემბერში შეიძინა. ოდომეტრზე 5 471 კმ-ია გამოსახული. Carfax-ის მოხსენება სუფთაა. მის სანაცვლოდ კი 150 000$-ს ითხოვენ.

იმისათვის, რომ მოდელი სტანდარტულისგან გამორჩეული ყოფილიყო BMW-ს ინჟინრებმა M5 CS-ი უამრავი გაუმჯობესებული დეტალით გამოუშვეს. მწარმოებლის საფირმო Dynamic Damper Control-ი გაუმჯობესდა. მას მოკლე და ხისტი ამორტიზატორები აქვს. სტაბილიზატორები განახლდა, ხოლო დამუხრუჭებაზე კარბონ-კერამიკული სისტემა ზრუნავს. მოდელი შეცვლილია ვიზუალურადაც. მანქანას უნიკალური ფერის საღებავები, წინა მაშუქები, ცხაურა, დისკები და Pirelli P Zero საბურავები აქვს.



M5 CS-ში ინტერიერიც განსაკუთრებულია. M-ის კარბონის ანატომიურ სავარძლებს გათბობის ფუნქციაც აქვს და Merino-ს ტყავით არის დამზადებული. სალონში უხვადაა ალკანტარას ნაჭრები და წითელი აქცენტები. სპორტულობა ტექნოლოგიურ სიუხვეს არ გამორიცხავს. სწორედ ამიტომ მანქანას WiFi Hotspot-ი, 4-ზონიანი კლიმატკონტროლი, Harman Kardon-ის აუდიო სისტემა და BMW-ს Active Drive Assistant-იც აქვს.

ამ აგრესიული კორპუსის ქვეშ 4.4-ლიტრიანი V8 იმალება, რომელიც 627 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრეს 8-სიჩქარიანი კოლოფი ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. შემოწმებისას M5 CS-ი 0-დან 100-მდე 2.6 წამში აჩქარდა. მეოთხედ მილს კი 10.6 წამში ფარავს.

გაზიარება: