Aa Aa
27 ივნისი 2024  |  19:03

2025 წლის BMW M5 წინამორბედზე 500 კილოგრამით მძიმეა

ახალი M5 ტრასაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ავტომობილია.

წლების გასვლასთან ერთად ავტომწარმოებლები მანქანების წონას ზრდიან, ამ ფაქტს კი რამდენიმე ძირითადი მიზეზით, მათ შორის ახალი რეგულაციებითა და ავტომობილების მდიდრული მახასიათებლებით ხსნიან. 1984 წელს, პირველი M5-ის გამოშვების შემდეგ, გერმანული ავტომწარმოებელი მოდელს ყოველ ჯერზე უფრო „ამძიმებდა“, თუმცა მსგავსი მასშტაბის „ნახტომი“, როგორიც 2025 წლის M5-ის შემთხვევაში ვიხილეთ, „ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს“.

არც მეტი არც ნაკლები, F90 თაობის M5-სა და 2025 წლის G90 M5-ს წონას შორის სხვაობა 463 კილოგრამია. BMW-ის ახალი მოდელი 2,445 კილოგრამს იწონის და უფრო მძიმეა, ვიდრე გერმანული ავტომწარმოებლის ახალი თაობის ფლაგმანი - 760i xDrive (2,254 კგ). მეტიც, M5 ახლა დაახლოებით იმ წონისაა, რამდენიც Ford F-150 Supercrew-ი, ჰიბრიდული V6 ძრავით.

გამოდის, რომ მანქანები, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ სიმსუბუქითა და მაღალი წარმადობით გამოირჩეოდნენ, ახლა უსაფრთხოების რეგულაციებსა და თანამედროვე ტენდენციებს ემორჩილებიან - შედეგად მანქანების წონაც იზრდება, თან შესამჩნევად.

წონის მსგავსი ზრდა კი, ამ მოდელის ისტორიაში მართლაც უპრეცედენტოა. ელექტრიფიცირებული M5 დაახლოებით 24%-ით უფრო მძიმეა, ვიდრე მისი წინამორბედი. თითქმის ასეთივე „ცუდი“ იყო E28 M5-სა და E34 M5-ს შორის სხვაობა, როდესაც წონა, ახალ მოდელსა და მის წინამორბედს შორის, 330 კილოგრამზე მეტით გაიზარდა.

და მაინც, არ აქვს მნიშვნელობა მოდელი ჰიბრიდულია თუ არა, მანქანის წონის მატება BMW-ისთვის კვლავ პრობლემად რჩება. მართალია, M5 მსუბუქ ვარიანტად არასდროს განიხილებოდა, ერთი რამ უცვლელად რჩებოდა: აქცენტი ყოველთვის ფუფუნებისა და მანქანის მაღალი წარმადობის დაბალანსებაზე კეთდებოდა. რამდენად მოახერხა ეს გერმანულმა მარკამ ახალ მოდელში, რთული სათქმელია.

ეს M5 კი, რომელი რაკურსიდანაც არ უნდა შეხედო, ნამდვილად მასიურია. თუმცა სიახლე უკვე არც „ჭარბწონიანი“ M-ებია. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ M2, რომლის წონაც 1,730 კილოგრამია და აქვეა XM-იც, რომელიც 2,750 კგ-ს იწონის.

ფაქტია, რომ ჰიბრიდული ტექნოლოგიებისა და ბატარეების გამო, სხვა ბევრი მოდელის მსგავსად M5-ის წონაც გაიზარდა. უფრო დაწვრილებით 2025 წლის M5-ის შესაძლებლობებს შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში გაეცნოთ.

გაზიარება: