Aa Aa
1 ივლისი 2024  |  14:21

G-Power-ის BMW M3 CS-ი 709 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

G Power-ის მიერ მოდიფიცირებული BMW M3 CS-ი თავისი 709 ცხენის ძალით კონკურენციას ახალ M5-ს გაუწევს.

M3 CS-ი ბავარიული სპორტული სედანის კიდევ უფრო სპორტული ვერსიაა. სეგმენტში, სადაც მთავარი სისწრაფე, მართვის სიამოვნება და კომფორტია იქ ამ მანქანის დამარცხება ძალზედ რთულია. CS-ი იშვიათი ვერსიაცაა, რაც მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. G-Power-მა კი ეს მანქანა ახალ საფეხურზე აიყვანა და კიდევ უფრო გააუმჯობესა.

ცნობილი გერმანული „ტუნინგ“ ატელიეს მიერ გადაკეთებულ მოდელს G-Power G3M CS Bi-Turbo ჰქვია. ის სიმძლავრის მიხედვით სამ სხვადსახვა ვერსიად გამოვა. ასევე, განსხვავებული იქნება ინტერიერიც და ექსტერიერიც.




მოდით, ძრავადან დავიწყოთ. BMW-ის 3.0-ლიტრიანი ორტურბინიანი 6-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ, საბაზისო მოდიფიკაციაში მანქანას ძრავის კომპიუტერი და მაყუჩები აქვს შეცვლილი. შედეგად ის 611 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ის, ვინც უფრო მეტ სიმძლავრეს მოინდომებს, შეეძლება უფრო სწრაფი ვერსია შეიძინოს, რომელსაც მძლავრი კომპიუტერული პროგრამა და მთლიანი გამშვები სისტემა ექნება. ამ ვერსიაში ცხენის ძალების რაოდენობა 661-ს, ხოლო მაბრუნი მომენტი 800-ს აღწევს.

მესამე და ყველაზე სწრაფი მოდელი GP-720-ია. მანქანას ძრავის ახალი კომპიუტერი, გამშვები სისტემა, შემშვები სისტემა და სპეციალური მეტალისგან დამზადებული კატალიზატორი აქვს. შედეგად, სიმძლავრე 709 ცხენის ძალამდე და 850 ნიუტონ მეტრამდე იზრდება. შედარებისთვის, ახალი BMW M5 თავისი V8 ძრავითა და ჰიბრიდული სისტემით ჯამში 717 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. G-Power-ი მონაცემებით თავის დიდ ძმას მნიშვნელოვნად არ ჩამორჩება. თანაც, გაითვალისწინეთ M5-ის მძიმე წონაც.




კომპანიას არ უთქვამს თუ რამდენად სწრაფად აჩქარდება მათი ქმნილება. თუმცა, სტანდარტულ მოდელს რომ უკან ჩამოიტოვებს, ამაზე ორი აზრი არ არის. შეგახსენებთ, რომ ქარხნული M3 CS-ი 0-დან 100-მდე 3.2 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 303 კმ/სთ-ია.

G-Power-ში შეცვლილია ვიზუალიც. განახლებები Hurricane RR და Hurricane RS დისკებს მოიცავს, რომელიც წინ 20x9, ხოლო უკან 20x10.5 ზომისაა. კაპოტი კარბონისგანაა დამზადებული. ბამპერზე დამატებულია კარბონის ტუჩი, საბარგულზე კი პასიური ფრთა გვაქვს. სალონში შეცვლილია ხალიჩები, დამატებულია სპეციალური წარწერები. საჭეზე კი კარბონის აქცენტები გვაქვს.

გირჩევნიათ თუ არა G-Power G3M CS Bi-Turbo სტანდარტულ CS-ს? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: