Aa Aa
31 ივლისი 2024  |  16:05

Venom-ი 350 კმ/სთ-ს მხოლოდ 800 მეტრში აღწევს

Venom F5 კვლავ ტესტირებებს გადის და ახალ რეკორდებსაც ამყარებს. ამის პარალელურად კი ავტომობილის მიწოდება უკვე დაწყებულია.

Hennessey Venom F5-ს ნამდვილად აქვს უნარი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, სერიული წარმოების ავტომობილის სტატუსი მოიპოვოს. რთულად წარმოსადგენია, თუმცა ამ პატარა ავტომწარმოებელმა ზედმეტად ამბიციური მიზნები დაისახა და მეტიც, შეასრულა კიდეც.

ასე შეიქმნა „ჰიპერქარი“, რომელიც 350 კმ/სთ-ს სულ რაღაც 800 მეტრში აღწევს. „ნახევარი მილის ტესტირების“ ბოლო რაუნდის ფარგლებში, მანქანის მართვა საკუთარ თავზე კომპანიის დამფუძნებელმა ჯონ ჰენესიმ აიღო. ჰენესიმ 800-მეტრიანი ზღვარი 352 კმ/სთ-ით გადალახა, რის შემდეგაც მანქანის საჭესთან კომპანიის „ტესტ-დრაივერი“ დეივიდ დონოჰიუ დაჯდა და ეს მაჩვენებელი 357 კმ/სთ-მდე გააუმჯობესა.

ჯონ ჰენესის მართვისას გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ მოუმზადებელი ზედაპირის გამო ავტომობილს თავიდან მოჭიდება გაუჭირდა, თუმცა 96 კმ/სთ-ისთვის მიღწევის შემდეგ მანქანის სიჩქარემ სწრაფი ტემპით დაიწყო მატება. Hennessey აღნიშნავს, რომ სწორ მონაკვეთზე, ავტომობილის შესაძლებლობები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება და იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ ტესტირების პროცესში წვიმდა და ტემპერატურა 27-დან 32 გრადუსამდე მერყეობდა.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ტესტირებების პერიოდში Venom F5-მა 437 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარებაც შეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ჯონ ჰენესის მიერ გაკეთებული განცხადებით, კომპანიაში ახალი ბარიერების დასამსხვრევად კვლავ მზად არიან და წლის ბოლომდე მათგან 482-კმ/სთ-იანი ნიშნულის მიღწევასაც უნდა ველოდოთ.

აქვე გეტყვით, რომ Venom F5 Roadster-ი, რომლის მხოლოდ 30 ეგზემპალარი არსებობს, მაიკლ ჯორდანმა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში გაეცნოთ

 

 

გაზიარება: