ბრაზილიაში მონურ მუშაობას 163 ჩინელი გადაარჩინეს - რა ხდება BYD-ის ქარხნებში?
როგორც ირკვევა, დასაქმებულები უმატრასო საწოლებზე იწვნენ, ჭუჭყიან საკვებს იღებდნენ და ერთ საშხაპეს 31 ადამიანი იყენებდა.
ჩინური ავტომწარმოებელი BYD ძალზედ სწრაფ და აგრესიულ გაფართოებას განაგრძობს. საქართველოში მათი მანქანები ბევრი ნამდვილად არ დადის, თუმცა ეს ბრენდი ევროპის ჩემპიონატიდან შესაძლოა მაინც გეცნობოდეთ. სტადიონების სარეკლამო აბრებზე ყველაზე ხშირად სწორედ ეს კომპანია ჩანდა.
ახლახან ამ ჩინური კომპანიის განვითარების ტემპები სერიოზული კითხვის ნიშნების ქვეშ დადგა. ბრაზილიაში ოფიციალურმა პირებმა BYD-ის ქარხნის მშენებლობა შეაჩერეს. ამ გადაწყვეტილებამ კი კომპანიის გეგმები საერთოდ შეცვალა.
ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიხედვით, კომპანია (სახელად Jinjiang Construction), რომელიც ქარხნის მშენებლობაზე იყო პასუხისმგებელი, 163 დაქირავებულს მონურ პირობებში ამყოფებდა. ეს ადამიანები მესამე მხარემ (ასევე ჩინურმა კომპანიამ) დაიქირავა და ბრაზილიაში ჩაიყვანა. მათ უმეტესობას პასპორტები აქვთ ჩამორთმეული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას ვერ დატოვებენ.
ეს ყველაფერი არ არის. დაქირავებულები უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე ცხოვრობენ. საცხოვრებელ ფართში უმატრასო ლოგინებზე სძინავთ. ერთი საშხაპე კი 31 ადამიანზეა განკუთვნილი. ამის გამო მათ დილის 4 საათზე გაღვიძება უწევდათ, რათა დილის 6-ის ნახევარზე მუშაობა დაეწყოთ. გარდა ამისა, საცხოვრებელი სივრცე არ იყო აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. ადამიანებს არ ჰქონდათ მაცივარი, მაგიდა, სკამები, თაროები. ამ მიზეზით საჭმელს იატაკიდან ჭამდნენ.
თუ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს მონურ პირობებში ცხოვრებასა და მუშაობაში ვინმე კარგ გასამრჯელოს უხდიდა - ცდებით. მათ მიერ გამომუშავებული თანხის 60% გადასახადებში მიდიოდა და მხოლოდ 40% რჩებოდათ. თანაც, ეს ყველაფერი ეროვნულ, ანუ ჩინურ ვალუტაში.
არსებული ვითარების გამო Jinjiang Brazil LTD-ის საქმიანობა შეზღუდული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულები იმავე პირობებში რჩებიან, მათ ამ კომპანიისთვის მუშაობა აღარ უწევთ. მიმდინარე თვეში კი BYD-ისა და Jinjiang-თან ბრაზილიურ სამთოვრობო უწყებებს შეხვედრა აქვთ ჩანიშნული.
თავად BYD Brasil-ის ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, რომ კომპანია სრულად აკმაყოფილებს ბრაზილიის შრომით კოდექსსა და კანონმდებლობას, განსაკუთრებით კი იცავენ მშენებლების უფლებებს.
შეგახსენებთ, რომ BYD მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვებით პირველ ადგილზეა და ის Tesla-საც უსწრებს. ახლახან სამი იაპონური ავტომწარმოებელი - Honda, Mitsubishi და Nissan-ი სწორედ ჩინური ავტოწარმოებით შექმნილი ვითარების გამო გაერთიანდნენ.
რას გეუბნებათ ეს ყოველივე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.