რუსეთი, ლადა, ნივა
Aa
Aa

ახალ Lada Niva-ს 122 ცხენის ძალა აქვს - ძრწოდეთ!

დინოზავრების ეპოქიდან გადმონაშთი SUV-ის სპორტულ ვერსიას მთელი რიგი გაუმჯობესებები აქვს!

Lada Niva ერთსა და იმავე ადგილს 1977 წლიდან ტკეპნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანის გამოშვებას არავინ ითხოვს AvtoVAZ-ი ჯიუტად მაინც აწარმოებს. ახლახან მათ „ახალი“ მოდელი გამოაგორეს და Niva Sport-ი უწოდეს. ავტომობილს სპორტული გაფორმებები, გაუმჯობესებული ძრავა და ვიზუალური ცვლილებები აქვს. დაგბურძგლათ არა? ჩვენც! თუმცა, არ გეგონოთ, რომ ამ მანქანის აჩქარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუ ამ ლადაში ცხელი ყავით ჩასხდებით და აჩქარებას დაიწყებთ, 100 კმ/სთ-მდე თქვენი კაპუჩინო არამარტო გაცივდება, არამედ აიჭრება კიდეც.

და... მაშინ რა არის ახალი? ახალი ისაა ბატონებო და ქალბატონებო, რომ Niva Sport-ის გაუმჯობესებული, 16-სარქვლიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 122 ცხენის ძალასა და 151 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს! ვუუ! წარმოგიდგენიათ? ეს მონაცემები ნურბურგრინგზე ნამდვილ ცეცხლს დაანთებდა! ხუმრობა იქით იყოს და ძველ მოდელთან შედარებით, რომელიც 82 ცხენის ძალასა და 129 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, ნამდვილად გაუმჯობესებაა.

განახლებული ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაწყვილებული. გაუმჯობესებულია მოდების ქუროც. სიმძლავრე, რა თქმა უნდა, 4-ვე საბურავზე ნაწილდება.



ოკუპანტების ქარხნიდან ისმის ისიც, რომ მანქანას სპორტული დაკიდების სისტემა და მუხრუჭები აქვს. მათი აზრით, ასე მანქანის დინამიკურობა სრულად შეიცვალა. ნივა და დინამიკურობა მეგობრებო...

ლადას ინჟინრებმა ვიზუალზეც ბევრი იშრომეს. ამის შედეგი ისაა, რომ მანქანას წითლად Sport აწერია, ალუმინის 16-იან დისკებზე დგას და პლასტმასის განიერი თაღები აქვს.

და მაინც, რა ღირს ეს სიამოვნება? ოკუპანტები ფასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებენ, მაგრამ ჭორების მიხედვით, მოდელის ფასი 2 მილიონი რუბლს მაინც მიაღწევს. ეს დაახლოებით 20 000$-ის ეკვივალენტია. და თუ ეს ინფორმაცია გამართლა Niva Sport-ი AvtoVAZ-ის შემადგენლობაში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა იქნება.

რატომ ვწერთ ამ სტატიას? ვის აინტერესებს „ნივა“? - არავის! უბრალოდ კარგი იქნება თუ აგრესორების ქვეყანას საავტომობილო ჭრილიდანაც შევხედავთ. მაშინ, როდესაც გერმანული ბრენდები 1 000 კმ-იანი სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილებს ქმნიან, რუსეთში 1977 წელს გამოშვებულ ლადას წითლად Sport-ს აწერენ და ახალ მოდელად ასაღებენ. პროგრესი, ღირებულებები და მიდგომები ყველაფერში ჩანს. რა გვინდა ჩვენ?

მსგავსი სიახლეები